Friday, April 17, 2020

#მარსელპრუსტი #სოდომიდაგომორი

მთხრობელი პირველ პირში გვიამბობს,როგორ აღმოაჩინა,რომ ბატონი დე შარლიუ ჰომოსექსუალია.მანამდე იგი ბატონ დე შარლიუს იცნობდა,როგორც ერთ დაბნეულ პიროვნებას, რომელსაც არაფერი ეტყობოდა.მთხრობელმა ბატონი დე შარლიუ გამოიჭირა მკერავ ჟიუპიენთან კურკურის დროს.მოგვიანებით,დე შარლიუმ ჟიუპიენი მდივნად დანიშნა.მათ ერთმანეთი ერთი ნახვით ამოიცნეს.ბატონი დე შარლიუ ახალგაზრდა ბიჭებს დასდევს საზოგაადოებრივ ტრანსპორტში და ამას ჟანრისადმი ინტერესს უწოდებს.
მთხრობელმა ახლაღა გაანალიზა,თუ რას ნიშნავდა დე შარლიუს არათანმიმდევრობა.მთხრობელი ამბობს,რომ ჰომოსექსუალები უკვე მასონებივით არიან.თან ეზიზღება,თან ებრალება ისინი.ისინი ხომ სულიერ ტვირთს ატარებენ,რადგან ებრაელებივით მუდამ იდევნებიან.ეზიზღება,რადგან მათ თანაგრძნობა არ გააჩნიათ,ღვარძლიანები არიან,სხვათა განსჯის და სიყალბის გამომზეურების თამაშით სულს იმსუბუქებენ.
მარტოხელა ჰომოსექსუალები ადრე თუ გვიან უერთდებიან საზოგადოებებს.ამ გაერთიანებებში ღებულობენ ახალბედებსაც,რომლებიც საზოგადოებაში დაწინაურებაზე ოცნებობენ.
ზოგიერთ ჰომოსექსუალს საკუთარი თავი გამორჩეული ჰგონია,უმაღლეს არსებად მიაჩნია თავი და ჰომოსექსუალობა გენიოსობა ჰგონია,თუმცა ეს ასე არ არის,ამბობს მთხრობელი.
ჰომოსექსუალი ქალთანაც წევს,რომ საკუთარი თავი დამალოს,მაგრამ ის არღვევს თავისი გაერთიანების წესებს თუკი სიამოვნებას განიცდის ქალთან.
ზოგჯერ,ჰომოსექსუალები საზოგადოებაში გამოჩენისას ინიღბებიან,როლებს იცვლიან.ბატონი მსახურის როლს თამაშობს ან მსახური ბატონისას.
მთხრობელი ფიქრობს,რომ სოდომისტები ისეთივე საფრთხეს წარმოადგენენ,როგორც სიონისტები.მწერალი არ მალავს აგრესიას ებრაელების მიმართაც.
შემდეგ აღწერილია ჩვენი მთხრობელის ვიზიტი პრინცესა დე გერმანტის სასახლეში,სადაც შარლიუც არის მიწვეული.პრინცესა ყალბი თავაზიანობით უმასპინძლდება სტუმრებს.წვეულებაზე უამრავი ჰომოსექსუალი ტრიალებს.ჩანს მაღალი წრის ადამიანების სულმდაბლობა.ნელ-ნელა ბატონი შარლიუს პიროვნებას ვეცნობით.იგი ენამყრალი,გულზვიადი და ბუტიაა.ხანდახან საზოგადოებაში ქალებით აღფრთოვანებას გამოხატავს ყალბად.ამავე დროს,ნიჭიერი პიანისტი და მხატვარია.პატივს სცემს მთავარანგელოზ მიქაელს.
დე შარლიუს ჰგონია,რომ მის გარშემო ვერავინ ამჩნევს მის მიდრეკილებებს და ეჭვების გასაფანტად ხმამაღლა საუბრობს ტაბუდადებულ თემებზე,თუმცა ყველამ ყველაფერი იცის.
შემდეგ მთხრობელი გვიამბობს თავის ქალებზე.მას რამდენიმე სასიყვარულო მოგონება აქვს.მთხრობელი თვითონაც მაღალი საზოგადოების წევრია და უყვარს ეს საზოგადოება,რადგან თვითონაც ფუქსავატია და ერთი სალონიდან მეორეში დადის.სალონებში ეძებს შემთხვევით სექსუალურ კავშირებს.მომენტი,რომელიც მის პიროვნებას ამაღლებს არის მისი ტკბილი მოგონებები ბებიაზე .ბებია ახსენებს,თუ როგორ შეიცვალა წლების განმავლობაში.
ამაზრზენია ამ მაღალი საზოგადოების ურთიერთობები.მთხრობელის მეგობარი გოგონაა ალბერტინი.ისინი ხან ამცირებენ ერთმანეთს,ხან სიამოვნებთ ერთად ყოფნა,ხან არად აგდებენ ერთმანეთს,ხან ეჭვიანობენ.მთხრობელი ალბერტინის ეუბნება,რომ მას გოგონა არ უყვარს და რომ ეჭვიანობს მასზე.როდესაც ალბერტინი მას კეთილი სახით უყურებს,მთხრობელი მის მიმართ სიბრალულით გამოკვებილი სიყვარულით განეწყობა.მწერალმა კარგად გადმოსცა გრძნობათა მონაცვლეობა.
თურმე,მთხრობელი ეჭვიანობს,რომ ალბერტინი ლესბოსელია.რამდენჯერმე შეამჩნია,რომ ალბერტინი სხვა ქალებს თვალებით ეკონტაქტება.მოგვიანებით,კი ალბერტინის გარეშე ყოფნა აღარ შეუძლია და მის მიმართ ღრმა გრძნობები გაუჩნდება.
არაფერია ამ წიგნში წმინდა.ყველა ანგარებით მოქმედებს.სოდომი და გომორი ჩვენშია.
შეიძლება ითქვას,რომ პრუსტი რთული წასაკითხია.ერთ წინადადებაში რამდენიმე ქვე წინადადებაა და საბოლოო აზრის გამოტანა ჭირს.
მთხრობელი ხშირად ირონიულად გვიამბობს მაღალი საზოგადოების ქალების უგუნურ ქცევებზე.ეს ნაქები მაღალი საზოგადოება იბრალებს გემოვნების ქონას,მაგრამ გემოვნების ნატამალიც არ გააჩნიათ.
მთხრობელის ჰობია ტოპონიმიკა,რის გამოც მაღალი საზოგადოება მას დასცინის.ეს ტოპონიმიკა საინტერესო უნდა იყოს ლინგვისტებისთვის.ევროპული ქალაქების სახელწოდებების წარმომავლობა საინტერესოდ არის გადმოცემული.
წარსული პრიმიტიული ცხოვრების რომანტიკა იგრძნობა,როდესაც მთხრობელი გვიამბობს,რომ მანქანით დაბრკოლების გარეშე ქალაქში ჩასვლამ ,ამ ქალაქს იდუმალების საბურველი ახადა.მატარებლით ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ქალაქში ჩასვლა სულ სხვა შეგრძნებაა.
ნაწარმოების დასასრულს,დე შარლიუს და მევიოლინე მორელის ურთიერთობაა აღწერილი.მორელი შარლიუს საყვარელია და მისი წყალობით ფუფუნებაში ცხოვრობს.ამაზრზენია,თუ როგორ ადარებს შარლიუ ბიბლიურ ეპიზოდებს იმ სიყვარულს,რომელსაც განიცდის მორელის მიმართ.
ნაწარმოები სრულდება იმით,რომ მთხრობელი ალბერტინზე დაქორწინების სურვილს გამოთქვამს.
ნაწარმოებს აქვს მკითხველზე ზემოქმედების უნარი.მწერალი ნელ-ნელა,მეთოდურად გვაძულებს პერსონაჟებს და ამახვილებს ყურადღებას მათ ნაკლოვანებებზე.საბოლოო ჯამში,კითხვის პროცესში ლიტერატურით ტკბობის სასიამოვნო განცდა მოდის.მწერალი ახერხებს ჩვენს შეძვრას.
დასკვნა: რა საჭირო იყო სოდომის და გომორის განადგურება,თუ მის ადგილზე უამრავი,პატარა სოდომი და გომორი აღმოცენდებოდა?


No comments:

Post a Comment