Friday, July 26, 2019

ჰერმან ჰესეს "ზიდჰარტა"

ჰერმან ჰესე ქრისტიანობას განუდგა და მთელი ცხოვრება ინდური და ჩინური კულტურის შესწავლას მოანდომა.მას სურდა ეპოვა ის რაც ნებისმიერი რასის თუ ეროვნების ადამიანისთვის საერთო იქნებოდა.
თავდაპირველად ჰესე აღფრთოვანებული იყო ბუდიზმით,შემდეგ კი შეიცვალა აზრი.მისი თქმით,ბუდიზმი გონივრულობას და შენდობის ნაკლებობას ქადაგებს.ჰესეს პერსონაჟი საბოლოოდ უპირისპირდება ბუდას,რადგან ბუდამ არ გაამხილა,თუ რა იხილა მან გასხივოსნების დროს.ზიდჰარტას სურს ინდივიდუალური გზით გასხივოსნების მიღწევა.
ეს წიგნი ინდივიდუალობას ეძღვნება.ჰესეს არ მოსწონს,რომ ბუდიზმი სიყვარულს არ ქადაგებს.ზიდჰარტა კი ეტრფის სიყვარულს.ზიდჰარტა ახალი მესიაა,რომელიც დასავლეთს და აღმოსავლეთს აერთიანებს.
ზიდჰარტა ბრაჰმანის შვილია.იგი იზრდება ბრაჰმანად თავის საუკეთესო მეგობართან გოვინდასთან ერთად.ზიდჰარტას გონების წყურვილი აწუხებს და მიაჩნია,რომ ბრაჰმანების ცოდნა არაა საკმარისი.აინტერესებს სად არის ატმანი(სული).ამიტომ მშობლიური სახლი მიატოვა და გოვინდასთან ერთად ასკეტობა გადაწყვიტა.
ასკეტებთან ზიდჰარტა ცდილობს ყოველი ჟინი და ლტოლვა ჩაიხშოს,რომ მასში დიდმა საიდუმლომ გაიღვიძოს.
ასკეტებთან ზიდჰარტამ ისწავლა მედიტაციის ხელოვნება.მაგრამ მედიტაცია არის საკუთარი მეს დატოვება მხოლოდ დროებით.ზიდჰარტას კვლავ წყურვილი კლავს.მას არ უნდა ისე დაბერდეს,რომ ნირვანა ვერ იპოვოს.ამიტომ ასკეტები მიატოვა და მოძღვარ გოტამასთან წავიდა.
ზიდჰარტა მიხვდა,რომ გოტამამ მიაღწია გასხივოსნებას.მისმა მეგობარმა გოვინდამ მიატოვა ზიდჰარტა გოტამას გამო.ზიდჰარტა კი განაგრძობს თავისი გზის ძიებას,რადგან გასხივოსნებას მან ინდივიდუალურად უნდა მიაღწიოს.გოტამას ნირვანა მას არაფერში არგია.
ერთადერთი რისი შეცნობაც უნდა ეს საკუთარი თავია,რადგან ის ზიდჰარტაა,სხვებისგან განცალკევებული და ის ერთია.
ზიდჰარტამ დაიწყო სამყაროთი ტკბობა.მან შეწყვიტა საიდუმლოს ძებნა საიქიოში და თვლის,რომ საიდუმლო სააქაოშია.იგი შეხვდა მეძავ ქალს,კამალას.მან გადაწყვიტა სიყვარულით ტკბობა ისწავლოს.კამალასაც მოეწონა იგი და უშუამდგომლა მას ვაჭარ კამასვამისთან.მან კამასვამისთან დაიწყო მუშაობა,რადგან წერა-კითხვა იცის.ნაშოვნი ფულით კამალას სიყვარულს ყიდულობს.მაგრამ ვაჭრობა დიდად არ ეკარება  მის გულს.მას უფრო ადამიანებთან ურთიერთობა სიამოვნებს.მაგრამ მისი წყურვილი გრძელდება.კამალა მიხვდა,რომ ზიდჰარტას იგი არ უყვარს და ჯობია რომ ზიდჰარტა ისევ ასკეტად იქცეს.ზიდჰარტამ დიდძალი ქონება დააგროვა.მასში ასკეტმა მიიძინა.მტვერი დაედო მის ფიქრებს.შემდეგ მდიდრისთვის დამახასიათებელი სენი შეეყარა.ყველაფერი მოყირჭდა და გული ბოღმით აევსო.მას შურდა უბრალო ადამიანების,თუ როგორ უხარიათ მათ პრიმიტიული ამბები,მაგრამ თვითონ ვერასდროს ისწავლა ეს,რადგან სიმდიდრე აჩლუნგებდა.და მაშინ კვლავ მიატოვა ყველაფერი და წავიდა.კამალა კი მისგან ორსულად დარჩა.
ზიდჰარტა თავის მოკვლას აპირებდა,მაგრამ მასში ბრაჰმანის სიბრძნემ გაიღვიძა და მიხვდა,რომ  ყველა ეს სიმდაბლე უნდა გამოევლო,რომ კვლავ გამოღვიძებულიყო.უკანასკნელ სასოწარკვეთილებამდე უნდა მისულიყო,რომ ყველაფრის მიმართ ზიზღი ეგრძნო.ახლა ნამდვილად იცის,რომ ამქვეყნიურ სიამეთ ბედნიერება არ მოაქვს.
მას აოცებს მდინარე,რომელიც სულ მიედინება და მაინც სულ აქ არის!მას უნდა მდინარეს ჩასწვდეს!
იგი მენავე ვაზუდევას ქოხში გადასახლდა და მენავეს შეგირდობა შესთავაზა.
ზიდჰარტა სწავლობს მდინარის მოსმენას.მდინარემ ასწავლა მას,რომ დრო არ არსებობს.რომ მდინარეს მხოლოდ აწმყო აქვს.როდესაც დროის შეგრძნებას დაკარგავ,მაშინ გასხივოსნდები.
ზიდჰარტა შემთხვევით კამალას გადაეყარა.კამალა გველის ნაკბენით გარდაიცვალა.ზიდჰარტასთან დარჩა მისი პატარა ვაჟი,რომელსაც ასევე ზიდჰარტა ჰქვია.უფროს ზიდჰარტას უმცროსი ძალიან უყვარს,მაგრამ შვილი განებივრებული ბავშვია და ბედნიერების მაგივრად უბედურება მოუტანა მამას.მაგრამ მას ისევ ეს უბედურება ურჩევნია,შვილის გარეშე ბედნიერებას.რადგან ცხოვრებაში პირველად წრფელი გულით უყვარს.ასე კამალა არ ჰყვარებია.
შვილი მისგან გაიქცა.ერთხანს სდია შვილს,შემდეგ კი მიხვდა,რომ შვილს ვერც ვერაფრით დაეხმარება და არც მასზე მიჯაჭვული უნდა იყოს.ის კვლავ ადამიანებისკენ გადაიხარა.ახლა ესმის,რატომ სჩადიან ადამიანები სისულელეებს სიყვარულისთვის.ვაზუდევამ ურჩია კვლავ მდინარეს მოუსმინოს.მდინარეში ყველა ხმა შეერთდა,რაც კი აქამდე მოუსმენია და მან კვლავ ბრაჰმანის სიბრძნე შეიცნო და ეს არის სრულქმნილება.
საბოოლოოდ ზიდჰარტაში სიყვარულმა გაიმარჯვა.მან უარყო ყველა მოძღვრება,რადგან იქ სიყვარული უარყოფილია.მან სიყვარულის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.
ძალიან ადამიანური რომანია.ადამიანად ყოფნა რა ძნელია,ამაზეა წიგნი.ადამიანი სულ ეძებს და ვერ პოულობს.ზიდჰარტა თან მიწიერია,თან არამიწიერი.ხშირად ეცვლება წარმოდგენები ცხოვრებაზე.საბოლოო ჯამში,არაფერი სცხია გურუობის.ვერ გაუგია ადამიანებს შორის უნდა ცხოვრება თუ ბერებს შორის.

გამოთქმები:
1.ძიება ნიშნავს მიზნის ქონას,პოვნა ნიშნავს მიზნის არქონას.
2.სიბრძნე არ არის ზიარებადი.სიბრძნე,რომლის გაზიარებასაც ბრძენკაცი შეეცდება,ვითარცა სიბრიყვე,ისე ჟღერს.
3.ყაჩაღში და მოყომარეში ბუდა ყუჩობს,ბრაჰმანში კი ყაჩაღი.

No comments:

Post a Comment