Friday, September 7, 2018

#სარამაგუ #იესოს სახარება

  ეს არის წიგნი პაროდია.პირველად სარამაგუს კაენი წავიკითხე და ამ წიგნშიც იგივე სარკაზმი და დაცინვა დამხვდა რელიგიის მიმართ.მწერალი თანმიმდევრობას არ იცავს და სახარების ახალ ვერსიას გვთავაზობს.სარამაგუს ენა თავიდან საკმაოდ რთულად აღვიქვი.ერთ წინადადებაში 10 სხვა წინადადებაა და ყველას დამოუკიდებელი ქვეტექსტი აქვს.თითქოს მრავალგანზომილებიანი სივრცეა.
  წიგნის მიხედვით,მარიამი და იოსები გაუნათლებელი წყვილი იყო.მარიამი იოსებისგან დაორსულდა.მას ანგელოზი ეწვია და მანათობელი მიწა აჩუქა,რამაც იოსები ძალიან შეაშფოთა და ეს მიწა ორმოში ჩამარხა.ანგელოზი,რომელიც მარიამს გამოეცხადა მაწანწალას ჰგავდა.იგი იოსებმაც დაინახა და ჩათვალა,რომ თავისი ვაჟი დაინახა მომავლის პერსპექტივაში.მწერალი სატყუარას გვიგდებს და გვამცნობს,რომ ანგელოზი,რომელიც მარიამს გამოეცხადა,შესაძლოა ეშმაკი იყო,რადგან მან ბეთლემში სხვა ბავშვები არ გადაარჩინა.
  შემდეგ მარიამი და იოსები ბეთლემში წავიდნენ,რომ საყოველთაო აღწერაში მიეღოთ მონაწილეობა.
  ტექსტში ხშირად შეხვდებით ქალების დამცირებას.მაგალითად,მწერალს უკვირს,თუ რატომ უნდა იბადებოდეს ადამიანი ქალის ბინძური საშოდან.ასევე,თურმე იესოს ასწავლიდნენ,რომ ქალი არარაობაა და ამიტომ იგი დედას არ უამბობდა,თუ რას ასწავლიდნენ სინაგოგაში.ცნობილია,რომ სარამაგუ ქალთა უფლებებს იცავდა.ანუ ეს უნდა გავიგოთ,როგორც პროტესტი წმინდა წერილის მიმართ ქალთა უფლებების უგულებელყოფის გამო.
  მწერალი დასცინის მსხვერპშეწირვის ტრადიციას.მარიამი მშობიარობის შემდეგ ტაძარში წაიყვანეს განსაწმენდად და ორი მტრედი დაკლეს.
  შემდეგ ანგელოზი იოსებს ადანაშაულებს,რომ მან მხოლოდ იესო გადაარჩინა და სხვისი შვილები არა და მისი ცოდვა-ბრალი იესოზე გადავა.იოსები მართლაც განიცდის სინდისის ქენჯნას.
  თურმე დავით წინასწარმეტყველმა აღწერა რომ ჩაატარა,ღმერთმა დასაჯა,რადგან მხოლოდ ღმერთს აქვს უფლება თავისი ხალხი დათვალოს.რომაელებმა რომ დაიწყეს აღწერა,ღმერთი საერთოდ არ ჩარეულა.
  იმ დროის ისრაელში ამბოხება ბობოქრობდა.იოსებს მეამბოხეობა დაბრალდა და ჯვარს აცვეს.იგი 33 წლის იყო.
  იესოს მამისგან მემკვიდრეობით ერგო სიზმარი.მან გაიგო სიმართლე,რომ მის გამო 25 ბავშვი დაიღუპა და შესძახა:"მამა,მამა,რად მიმატოვე".
  13 წლის იესომ სიმშვიდე დაკარგა და სახლი მიატოვა.დაიწყო ხეტიალი,მათხოვრობა და შიმშილობა.გზად გაქურდეს კიდეც.იერუსალიმში ღვთისმეტყველს ჰკითხა,უნდა დაისაჯოს თუ არა შვილი მამის ცოდვების გამო,რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.
  მწერალი ირონიულად უყურებს ძველ ებრაულ სჯულის კანონებს.ერთ-ერთი კანონის თანახმად უცხოს უფლებები არ უნდა შელახო.ერთ-ერთი ღვთისმეტყველი კი განმარტავს,რომ არ უნდა შელახო,თუკი საერთოდ მიანიჭებ მას უფლებებს.
  იესო ეშმაკმა აიყვანა შეგირდად.ეს ის ანგელოზია მარიამს რომ გამოეცხადა.
  მომხიბვლელია სცენა,როდესაც იესომ გადაიფიქრა ბატკნის მსხვერპლშეწირვა და სიცოცხლე შეუნარჩუნა.მაგრამ,როდესაც მას უდაბნოში ღმერთი გამოეცხადა და ძალაუფლება შესთავაზა მისი სიცოცხლის სანაცვლოდ,იესომ მას გადარჩენილი ცხვარი დაუკლა.
  ეშმაკმა იესო გააგდო,რადგან ჩათვალა რომ იესომ ვერაფერიც ვერ ისწავლა.ანუ თუ ერთხელ არ დაემორჩილა და ცხვარი არ დაუკლა,არც მეორედ უნდა დაეკლა.
  ამის შემდეგ,იესომ ანდრია და სიმონი გაიცნო.მწერალი ამბობს,რომ უამრავი თევზის დაჭერის სცენა მხოლოდ დამთხვევა იყო და არა სასწაული.
  შემდეგ იწყება იესოს და მარიამ მაგდალელის სიყვარულის ისტორია.
  დედამ და ძმებმა არ დაუჯერეს,რომ მან ღმერთი ნახა და სახლიდან ხელმეორედ წავიდა.მან ისევ ნახა სიზმარი,მაგრამ ეს უკვე სხვა სიზმარია.თითქოს მამას ეძახის.რატომ მოხდა შერიგება?იესოს სინდისი აღარ ქენჯნის.იგი ამპარტავანი გახდა ღმერთთან შეხვედრის მერე.
  აღწერილია ანგელოზების თვითნებობა.თითქოს ერთ-ერთი იესოს დასთან იწვა.
  იესოს მალე გაუვარდა სახელი,როგორც ადამიანს,რომელსაც ქარიშხალი ემორჩილება და სიტყვით უხვ თევზს იჭერს.თუმცა,მწერალი ამბობს,რომ იესოს პირველი სასწაულები უბრალო მაგია და ფოკუსები იყო.
   ცნობილ ეპიზოდში მეძავს,იმიტომ გამოესარჩლა,რომ თვითონაც მეძავთან იწვა.
   როდესაც იესომ ეშმაკეულები ღორებში ჩაასახლა,განმარტა რომ 2000 ღორის სიკვდილი ღირს ერთი ადამიანის გადარჩენად.მწერალი კი ამბობს,რომ იესომ ვერ გათვალა,რომ ეშმაკეულ ღორებს სხვები შეჭამდნენ.
  ღმერთმა იესო გამოიყენა,რომ თავისი ძალაუფლება მთელ დედამიწაზე გაევრცელებინა.თვითონ ღმერთი არ დაეშვა დედამიწაზე,რადგან სხვა ღმერთებთან ხელშეკრულება ჰქონდა დადებული,რომ მათ საქმეებში არ ჩაერეოდა პირდაპირ.ამიტომ ეს ირიბად უნდა მომხდარიყო.არ არსებობს ადამიანი ცოდვის გარეშე და ამიტომ იესომ მათ ხშირად უნდა უმეოროს,რომ მოინანიონ და ამ გზით გაბატონდება მათზე.
  ღმერთი ამბობს,რომ მიზანი ამართლებს საშუალებას და რომ მას სინდისის ქენჯნა არ აწუხებს.იგი ეშმაკს არ შეურიგდა,რადგან ეშმაკის გარეშე სიკეთე გაუფასურდება. იესო იტანჯება იმის გამო,რომ მის გამო 5 მილიონი ადამიანი უნდა დაიღუპოს.
  წიგნის მიხედვით,მართა,ლაზარე და მარიამ მაგდალელი და-ძმანი იყვნენ.მართასაც შეუყვარდა იესო.ლაზარე იესომ უბრალოდ განკურნა.ხოლო როცა ის მართლა მოკვდა,მაგდალელმა არ დააცადა მისი გაცოცხლება,რადგან ადამიანისთვის ორჯერ სიკვდილი მეტისმეტია.
  იესო ღვთის ნების საწინააღმდეგოდ წავიდა.გადაწყვიტა,რომ მოკვდეს როგორც ადამიანი და არა როგორც ძე ღვთისა,რომ ადამიანებს ტანჯვა ააცილოს.იგი მოკვდა,როგორც იუდეველთა მეფე.საკუთარი ბედი მაინც ვერ შეცვალა.სიკვდილის წინ ესღა თქვა:"შეუნდეთ,ხალხო,რამეთუ,არც კი იცის,რას აკეთებს".ეს სიტყვები ღმერთის მიმართ ითქვა.

 

No comments:

Post a Comment